ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა, რომელიც ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას,
ქართული სალიტერატურო ენის ნორმების რღვევაა.
ამას უამრავი მიზეზი აქვს. საიდან უნდა დავიწყოთ მდგომარეობის გამოსწორებაზე ზრუნვა?
ბევრი, სავარაუდოდ, ხელს სკოლისაკენ, კონკრეტულად კი, ქართულის გაკვეთილებისაკენ გაიშვერს.
ალბათ, ეს ბუნებრივადაც უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ ჩნდება კითხვა : რამდენად შესაძლებელია
ეს? გვაქვს თუ არა სათანადო მექანიზმები და ბერკეტები?
სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს ენის (ლინგვისტიკის) სისტემურად სწავლების
შესაძლებლობა არ გვაქვს და იმ ფონზე, როცა აბსოლუტურად არაჯანსაღ ენობრივ გარემოში
ვცხოვრობთ - ტელევიზია, რადიო, პრესა, ინტერნეტსივრცე - თითქოს ყველა ერთმანეთს ეჯიბრება
უცნაური ენობრივი ფორმების (ლექსიკური, სინტაქსური თუ სტილისტური) გამოყენებაში, ჩნდება
შთაბეჭდილება, რომ ჩვენც უძლურები ვხდებით ამ ბრძოლაში. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა
მოსწავლეებს ერთგვარი პროტესტიც გამოუხატავთ ამა თუ იმ ენობრივი ფორმის გამოყენებასთან
დაკავშირებით, ზოგჯერ თითქოს უხერხულობის განცდასაც იწვევს, სალიტერატურო ქართულით
საუბარი უჩვეულოდაც ეჩვენებათ. მაგრამ მაინც...
როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში. რა უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ
შედეგი, რომელსაც ამა თუ იმ საკითხის სწავლებისას ვაღწევთ, იყოს ხანგრძლივი.
ამ მიმართულებით ყველას ბევრი გვიმუშავია, სხვადასხვა მეთოდი მოგვისინჯავს.
მაგალითად, მარტივი, სტანდარტული სავარჯიშოების შესრულება, რაც, ვფიქრობ, საბოლოო შედეგს
ვერ გვაძლევს, რადგან ასეთ დროს, მოსწავლეები ინტუიციით უფრო ახერხებენ კონკრეტული
დავალებისთვის თავის გართმევას, ვიდრე შესაბამისი საკითხის სიღრმისეული ცოდნით. კედელზეც
(დიდი შრიფტით) გამომიკრავს ყველაზე ხშირად გავრცელებული შეცდომები და მათი მართებული
ფორმები, პრინციპით „სწორია“ – „არასწორია“, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ კონკრეტულ
ლექსიკურ ერთეულებს ვგულისხმობ. პრობლემა კი ყველგანაა: პუნქტუაციაშიც, სინტაქსშიც,
სტილისტიკასა თუ ორთოგრაფიაში ( ცალკე პრობლემად უნდა განვიხილოთ მოსწავლეთა მწირი
ლექსიკური მარაგი).
ხშირად ისიც უთქვამთ, თავი დავანებოთ გრამატიკის წესების მოსწავლეებისათვის
სწავლებას და მოსწავლეებს რაც შეიძლება მეტი მხატვრული ლიტერატურა წავაკითხოთ, რომ
საუკეთესო შედეგს სწორედ ამგვარად მივიღებთ, თუმცა აქაც ძალიან დიდი სიფრთხილის გამოჩენა
გვმართებს, რადგან ბოლო პერიოდში თარგმნილი ლიტერატურა, რაც გაცილებით უფრო პოპულარულია
ჩვენს მოსწავლეებში, ვიდრე კლასიკოსთა შემოქმედება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს,
სრულიად უგულებელყოფილია რა მასში სალიტერატურო ენის ნორმები.
*
* *
არაერთხელ აღგვნიშნავს, რომ კონკრეტული საკითხის სიღრმისეული შესწავლისათვის
საკმაოდ შედეგიანია პროექტების განხორციელება. [1] თუ
თავიდან ის მოსწავლეებისთვის გარკვეულ შიშსა და სირთულეებთან არის დაკავშირებული, თანდათან
ისინი სწავლობენ და ამ პრინციპით მუშაობას ეჩვევიან. ასე რომ, იგი უფრო
და უფრო საინტერესო ხდება. შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ სასწავლო პროექტების დაგეგმვა[2] და მოსწავლეებისათვის
მისი შეთავაზება არ უკავშირდება სირთულეებს.
სასწავლო პროექტი, ცხადია, შეიძლება
განვიხილოთ შემაჯამებელი დავალების ერთ-ერთ
სახედ.
* * *
X-XII კლასები ის საფეხური გახლავთ, რომლიდანაც განსაკუთრებით ყურადღება უნდა
დაეთმოს როგორც ლიტერატურის, ისე ქართული ენის ფუნდამენტური საკითხების შესწავლა-გამეორებას.
ქართული ენის ამა თუ იმ საკითხის სწავლება ლიტერატურული ნაწარმოებების
კონტექსტში ნამდვილად არახალია. მსურს, გაგაცნოთ
ჩემი პედაგოგიური გამოცდილება საშუალო საფეხურზე რამდენიმე გრამატიკული საკითხის სწავლებასთან
დაკავშირებით. როგორც უკვე აღინიშნა, გრამატიკის
საკითხების საფუძვლიანად სწავლების ნაკლები შესაძლებლობა გვაქვს. სასწავლო პროექტი
კი, ჩემი აზრითა და გამოცდილებით, ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზაა.
გაკვეთილის დაგეგმვისას, შესასწავლი საკითხის შერჩევისას, ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით ესგ-ისა და კონკრეტული
კლასის საგნობრივი სტანდარტის მოთხოვნებს.
ბევრჯერ
თქმულა, რომ საგნობრივი სტანდარტები საჭიროებს დახვეწას, რომ ქართულის სტანდარტის შემთხვევაში ენა გარკვეულწილად „დაჩაგრულია“. ასეთ შემთხვევაში
ერთგვარ დამხმარედ შესაძლებელია საგნობრივი პროგრამა მოვიშველიოთ, რომელიც თან ერთვის
საგნობრივ სტანდარტს და როგორც აღნიშნულია, „შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემული შინაარსის საფუძველზე“[3].
მე-10 კლასის საგნობრივი პროგრამა, არსებითად, ტექსტის ფუნქციურ ანალიზსა
და ტექსტის სტილისტიკის სწავლებას გულისხმობს. კერძოდ,[4]
Ø ტექსტის განსაზღვრება;
Ø ტექსტის ერთეულები;
Ø მეტყველების ტიპების კლასიფიკაცია
აგებულების მიხედვით;
Ø ტექსტების კლასიფიკაცია სხვისი ნათქვამის
გადმოცემის მიხედვით;
Ø ტექსტების კლასიფიკაცია მეტყველების
მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით;
Ø მეტყველების ფუნქციური ტიპები;
Ø ტექსტების კლასიფიკაცია წინადადებათა
შორის კავშირების მიხედვით;
Ø ტექსტების ფუნქციურ-სტილური ტიპოლოგია;
მე-11
კლასის საგნობრივ პროგრამა მოიცავს ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასებას
ü ლექსიკოლოგიური ასპექტებს;
მე-12 კლასის საგნობრივ პროგრამაში კი აქცენტი
ისევ ინფორმაციის გაგებაზე, ანალიზსა და შეფასებაზე კეთდება; გამოყოფილია
შემდეგი პუნქტები:
ü მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა
ü გრამატიკული ასპექტები;
ü ენის კომუნიკაციური ასპექტები;
ü სასწავლო პროექტი;
ü ტექსტის ტიპები;
სწორედ ამ საკითხების
(მათი უმეტესობის) შესასწავლად არის პროდუქტიული სასწავლო პროექტების განხორციელება.
* * *
თითოეული თემის შერჩევის შემდეგ ხორცილდება სტანდარტული
აქტივობები:
ü პროექტის გეგმის შედგენა;
ü დროში გაწერა;
ü ორგანიზების ფორმების განსაზღვრა;
ü სასწავლო რესურსების განსაზღვრა;
ü აქტივობების დაგეგმვა;
ü შუალედური მონიტორინგი;
ü შეფასების რუბრიკების შედგენა;
ü გაკვეთილის გეგმის შედგენა[8]
და ა.შ.
* * *
უფრო
კონკრეტულად:
მე-10 კლასის
საგნობრივი პროგრამის პუნქტში „ტექსტის განსაზღვრება“ ერთ-ერთ ქვეპუნქტად წარმოდგენილია ლექსიკური გამეორება და სინონიმური
ლექსიკა; შესაძლებელია, ერთი შეხედვით, საკმაოდ მარტივად მოგვეჩვენოს საიმისოდ,
რომ ამ თემაზე სასწავლო პროექტი განვახორციელოთ, მაგრამ როცა მე-10 კლასში ვასწავლით
„ვეფხისტყაოსანს“, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი მასალა გვეძლევა მის სიღრმისეულად
შესასწავლად. თანაც მოსწავლეები უფრო კარგად ეცნობიან ლექსიკური ფონდის გამდიდრებისა
თუ სიტყვათქმნადობის პროცესს.
პროექტის განხორციელების
შედეგად მოსწავლეები შეძლებენ დააჯგუფონ აბსოლუტური და რელატიური სინონიმები, იმსჯელონ
სინონიმთა გამოყენების ექსპრესიულ ფუნქციაზე, მის მხატვრულ დატვირთვაზე. ლექსიკოლოგიის
საკითხებზე მუშაობა მოსწავლეთა ლექსიკური ფონდის გამდიდრების ერთ-ერთ საშუალებად შეიძლება
მივიჩნიოთ.
მოცემული ნაშრომი
წარმოადგენს ზოგად მსჯელობას სასწავლო პროექტის მნიშვნელობაზე გრამატიკის საკითხების
სწავლებისას, ამიტომ მასში, ბუნებრივია, არ არის განხილული კონკრეტული გრამატიკული
საკითხები, თუმცა მაინც შეიძლება დავასახელოთ რამდენიმე მაგალითი, რომლებიც შეეხება
ზემოთ ხსენებულ საკითხს და სინონიმიის შექმნის სხვადასხვა გზას გვიჩვენებს. კერძოდ,
„მოართვეს, გასცა უზომო,
უანგარიშო, ულევი“ (53/4) - განუსაზღვრელი რაოდენობის აღმნიშვნელი სიტყვების გამოყენება,
რომლებიც ამავდროულად ასრულებს ჰიპერბოლის ფუნქციასაც და ტექსტს მატებს ექსპრესიულობას.
„ამილახორო, მოასხი რემა,
ჯოგი და ცხენია“ (55/2) - კრებითი სახელის გამოყენების შემთხვევა;
„გული ფერი ლაჟვარდისა
გავაწითლე, გავალალე (140/3) - მოცემულ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ ერთგვარ
მეტაფორულ ხერხზე.
ასევე ემოციის გასაძლიერებლად
და მხატვრული ეფექტის მისაღწევად არის გამოყენებული სინონიმები შემდეგ სტრიქონებში:
„არ მოვბრუნდე, მომიგლოვე,
მიტირე და მივაგლახე“ (162/4)
„მისი რასმე მკადრებელი
მოამდაბლა, მოაწიწა“ (214/3)[9]
მოცემული
ეფექტის მისაღწევად ავტორმა უშუალოდ ენის ლექსიკურ ფონდს მიმართა და იქიდან აიღო სინონიმური
ერთეულები.
პუნქტ
მეტყველების ტიპების კლასიფიკაცია აგებულების მიხედვით [10] გათვალისწინებული მოთხოვნების მისაღწევად მე-10 კლასში ყველაზე კარგად არის შესაძლებელი
ჰაგიოგრაფიის (როგორც მარტვილობების, ისე
„ცხოვრებების“) სწავლებისას. მიღებული ცოდნისა
და გამოცდილების გათვალისწინებით, მოსწავლეებისათვის უკვე საკმაოდ ადვილია სასწავლო
წლის ბოლოს დავით გურამიშვილის შემოქმედების გაცნობისას მეტყველების ტიპების კლასიფიცირება
და მისი ფუნქციის განსაზღვრა.
წარმოდგენილი საკითხის პარალელურად შესაძლოა განვიხილოთ ტექსტების
კლასიფიკაცია სხვისი ნათქვამის გადმოცემის მიხედვით და ტექსტების კლასიფიკაცია მეტყველების მონაწილეთა რაოდენობის
მიხედვით. ამგვარად შესაძლებელი იქნება
მოსწავლეებმა სისტემურად შეისწავლონ მეტყველების ტიპები, მათი კლასიფიკაცია, ფუნქციური
თავისებურებანი და ა.შ.
* * *
მე-11 და მე-12 კლასებში საგნობრივი პროგრამის ძირითადი
პუნქტები იდენტურია, თუმცა, რასაკვირველია, მათი ქვეპუნქტები განსხვავებულია[11]. ეს
კი შესაძლებლობას გვაძლევს უფრო მეტი საკითხი შევთავაზოთ მოსწავლეებს. თანაც მე-11
კლასის მასალა ერთგვარ საფუძველს უქმნის მე-12 კლასს.
ერთ-ერთი სასწავლო პროექტი, რომელსაც მე-11
კლასში ვახორციელებ და ყოველთვის კარგ შედეგს იძლევა, არის განკერძოებული სიტყვებისა და გამოთქმების სწავლება.
ამ პროექტს ვგეგმავ ალ. ყაზბეგის ”ხევისბერი გოჩას” საფუძველზე[12]. ნაწარმოებში
მრავლად არის მოცემული განკერძოებული სიტყვებისა და გამოთქმების ყველა ტიპი, მათი ნაირსახეობა.
მაგალითად, გვაქვს მიმართვის გავრცობილი და გაუვრცობელი ფორმები; მიმართვა წინადადების
თავში, შუასა და ბოლოში; მიმართვად გამოყენებული
საკუთარი და საზოგადო სახელები; საკუთარი სახელების მართებული და არამართებული ფორმები
(ფუძის სახით წარმოდგენილი და ბრუნვისნიშნიანი).
ავტორისეული პოზიციის გამომხატველი დამხმარე ზმნების
სტრუქტურა და ფუნქციების სწავლებას ვგეგმავ ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაზე მუშაობისას
(”მგზავრის წერილები”, ”კაცია ადამიანი?!”...). ილიას შემოქმედება ასევე ძალიან საინტერესოა
ფრაზეოლოგიის სწავლების თვალსაზრისით.
მე-12 კლასში მხატვრულ სახეთა შექმნის ენობრივი მექანიზმის ან ენა, როგორც მხატვრულ სახეთა შექმნის საშუალების სწავლებისათვის ყოველთვის კარგ შედეგს იძლევა გიორგი ლეონიძის შემოქმედება.
შესაბამისად, პროექტის დაგეგვა შეიძლება მაშინ, როცა უშუალოდ ამ მწერალს ეცნობიან მოსწავლეები,
ან კიდევ თუ გვსურს უფრო საკითხის სწავლება მასშტაბური იყოს, სიმბოლიზმის სწავლებისას
(ამ შემთხვევაში მოსწავლეები შეძლებენ ერთმანეთს შეადარონ სხვადასხვა მწერლის სტილი
და სპეციფიკა ).
რიტორიკული შეკითხვების არსი და სტრუქტურა მიხეილ ჯავახიშვილის ”ჯაყოს ხიზნების” პარალელურად
შეიძლება დავგეგმოთ და ა.შ.
* * *
ბუნებრივია, სხვადასხვა კლასთან აბსოლუტურად განსხვავებულ სასწავლო პროექტები
შეიძლება დავგეგმოთ და განვახორციელოთ. ერთი და იმავე თემის შესასწავლადაც ერთ შემთხვევაში
ერთი ნაწარმოები ან ავტორი გამოვიყენოთ, ხოლო სხვა შემთხვევაში - სხვა.
მთავარი, რაც შეიძლება ვთქვათ, არის ის, რომ
ü სასწავლო პროექტები კარგ საშუალებას
გვაძლევს სიღრმისეულად შევისწავლოთ ესა თუ ის საკითხი ( რასაკვირველია, არა მარტო გრამატიკული).
ü პროექტი
დიფერენცირების კარგ საშუალებას იძლევა, ვითვალისწინებთ მოსწავლეთა არსებულ ცოდნას,
ინტერესებსა და შესაძლებლობებს);
ü უზრუნველყოფს
კლასის ყველა მოსწავლის მაქსიმალურ ჩართულობას.
ü მოსწავლეები
მეტი ინტერესით მუშაობენ მსგავს პროექტებზე;
ü სასწავლო
პროექტზე მუშაობა მოსწავლეებს უვითარებს გაცილებით მეტ უნარს, ვიდრე საკითხის თეორიული
სახით მიწოდება და გრამატიკული სავარჯიშოების შესრულება.
ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ სასწავლო პროექტები გრამატიკის საკითხების
სწავლებისათვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მოცემულ რეალობაში.
[1]
ის,
ერთი მხრივ, საკითხის სხვადასხვა კუთხით შესწავლის შესაძლებლობას იძლევა, ხოლო, მეორე
მხრივ, მოსწავლეთა საჭიროებებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, დიფერენცირებული
სწავლების განხორციელებისთვისაც ხელსაყრელია.
[2]
სემესტრის განმავლობაში შესაძლებელია რამდენიმე
პროექტი განვახორციელოთ. ხშირ შემთხვევაში (საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე) ორი
კვირაც საკმარისია;
[5]
თითოეული პუნქტი, ცხადია, გულისხმობს
ქვეპუნქტებს;
[6]
ესგ; საგნობრივი კომპეტენციები საშუალო საფეხურზე, XI კლასი, ქართული ენა და ლიტერატურა;
[8]
საკითხის სპეციფიკიდან და კლასში
მოსწავლეთა რაოდენობიდან გამომდინარე, შესაძლებელია საჭირო იყოს დაწყვილებული გაკვეთილის
დაგეგმვა.
[9]
”ვეფხისტყაოსანი” , გამომცემლობა ”დიოგენე”;
[10] პირველი პირის მეტყველება, მისი თავისებურებანი მეტყველების ფუნქციური სტილების
მიხედვით. მეორე პირის მეტყველება, მისი გამოყენების სფეროები და თავისებურება. მესამე
პირის მეტყველება, მისი გამოყენება სხვადასხვა ფუნქციურ სტილში.
[11] თუ მე-11 კლასში გრამატიკული ასპექტები
გულისხმობს : დროში თანამიმდევრობისა (შემდეგ, მერე, მანამ...სანამ, მას შემდეგ,
რაც...) და სივრცული განლაგების გამომხატველი ზმნიზედები, სიტყვათშეხამებანი და სიტყვა-კავშირები; მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთობის ამსახველი ენობრივ-გრამატიკული
(ლექსიკური, მორფოლოგიური, სინტაქსური) საშუალებანი; მრავალმხრივი ინტერპრეტაციის შესაძლებლობის
გამომხატველი მოდალური სიტყვები, კავშირები და წინადადების წყობა; ეპიკური და სცენური
თხრობისთვის დამახასიათებელი სინტაქსური კონსტრუქციები; მხატვრული ნაწარმოების სტილის
განმსაზღვრელი ფონოლოგიური (ალიტერაცია, ასონანსი) და სემანტიკური ფიგურები (მეტაფორა,
ევფემიზმი, მეტონიმია), სინტაქსური ფიგურები; თხრობითი, მსჯელობითი და აღწერითი ხასიათის
ტექსტისთვის დამახასიათებელი სინტაქსური კონსტრუქციები და ამ კონსტრუქციების კავშირები,
ზმნა-შემასმენლის დრო-კილოთა ფორმები, ჩართული სიტყვები და გამონათქვამები, ანაფორული
ნაცვალსახელები და ზმნიზედები, სიტყვის ლექსიკური და სემანტიკური განმეორებები, სინონიმური
და ანტონიმური ჩანაცვლებები, ავტორისეული პოზიციის გამომხატველი დამხმარე ზმნების სტრუქტურა
და ფუნქციები.
მე-12 კლასში ამ პუნქტში მოიაზრება: სტილის რაობა; ტავტოლოგია და პარონომაზია, კალკი, ატროფია; ფუნქციური სტილის გამოყენება
და დანიშნულება; ენათმეცნიერული და პოეტური სტილისტიკა; მხატვრული ტექსტის ლინგვისტური
ანალიზი; რიტორიკული შეკითხვების არსი და სტრუქტურა; მიზეზ-შედეგობრივი კონსტრუქციები,
პირობითი წინადადებები, დროთა თანამიმდევრობისა და ლოგიკური ურთიერთმიმართების გამომხატველი
სიტყვათშეხამებები და წინადადების წყობა; ენა, როგორც მხატვრულ სახეთა შექმნის საშუალება;
მხატვრულ სახეთა შექმნის ენობრივი მექანიზმი; პოეზიის ენა; პოეტური ლოგიკა; პირდაპირი,
ირიბი და არასაკუთრივი პირდაპირი ნათქვამი; არასაკუთრივი პირდაპირი ნათქვამის ქვესახეობები;
ტექსტის რედაქტირებისთვის აუცილებელი გრამატიკული, პუნქტუაციური და ორთოგრაფიული წესები
და ნორმები.
[12]
იხ.
დანართი (პროექტის გეგმა; გაკვეთილის გეგმა; შეფასების რუბრიკა; პრეზენტაცია)
No comments:
Post a Comment