სევდა, ტკივილი, სიბრაზე, უმადურობა... ზოგჯერ ამ ყველაფრით გამოწვეული შურისძიების სურვილიც კი და მაინც... მიუხედავად ყველაფრისა, ოპტიმიზმი - ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურა "წისქვილის" მთავარი თემაა.
ავტორი ამ მინიატურით რამდენიმე ამბავს გვიამბობს. გვაცნობს სხვადასხვა ტკივილის, ცხოვრების, თავგადასავლის მქონე პერსონაჟებს. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაგრამ ყველას ერთი რამ აერთიანებს - აწმყო, რომელიც რადიკალურად განსხვავდება წარსულისაგან, იმ წარსულისაგან ახლანდელზე ბევრად უკეთესი რომ იყო... და მომავალი... იმედიანი მომავალი.
მდინარისათვის დარდად და ტკივილად ის ქცეულა, რომ აამღვრიეს და გასვარეს. "ღვარი და წუმპე შემომიერთდა",- წუხს ის. ვაჟას მთის წყაროსაგან განსხვავებით, უფრო დიდ სტიქიასთან შერწყმა მისთვის არა იდენტობის დაკარგვის, არამედ პირვანდელ საწყისთან, სუფთასა და სპეტაკთან, დაბრუნების საშუალებაა. მას, რევაზ ინანიშვილის ხევის მსგავსად, ბოლომდე ვერ გაუმეტებია ის ადამიანები, რომლებმაც ამ დღეში ჩააგდეს. უჩუმრად ითმენს წყენას... "არაფერია",- ამბობს ის და იმედით ელოდება იმ დღეს, როცა ზღვაში მოხვდება.
ერთ დროს ხმელი წიფელივით ყველას იმედსა და პატრონ მუხას დღეს უჭირს გაიგოს, რა დაემართა... "როგორ მოვხვდი ამ ადგილას?"... მისთვის მიუღებელიაის დამოკიდებულება, რომელიც მის მიმართ "ყოველ წირპლიანს" აქვს. აღიზიანებს ადამიანების გულგრილობა, ის, რომ სხვისი ტკივილის დანახვა და განცდა არ შეუძლიათ. "რა ენაღვლებათ, რომ მტკივა?"- სწორედ ეს დამოკიდებულება უჩენს შურისძიების სურვილს. მუხა, მდინარის მსგავსად, იმედით შეჰყურებს მომავალს, ოღონდ იმისთვის, რომ "სეირი აყურებინოს" უმადურებს. ალბათ, იმაზე აღარ ფიქრობს, რომ შესაძლოა ის "ვინმე წისქვილში საფქვავით მიმავალი", იქნებ სრულიად უდანაშაულო იყოს და როგორც თვითონ, უსამართლობის მსხვერპლი აღმოჩნდეს.
დიდებულ წარსულს მისტირის წისქვილი ქვაც. დოლაბად ქცეული ხელშეუხებელი გვარეულობის მქონეკ ლდე ახლა "გლახაკი მარცვლების" მონად ქცეულა. ისიც თავს იმ იმით იიმედებს, რომ ერთ დღესაც მდინარის ძირში "დაესვენება მშვიდად".
სულ სხვა სადარდებელი გასჩენია მიჯნურ მთვარეს. მისთვის წარსულის გახსენებაა ტკბილი და ბედნიერების მიმნიჭებელი. ჭაღარამ თითქოს გულიც დაანელა, მაგრამ არა... მასაც " სიყვარულის ქსელით შებოჭვის რწმენა ასულდგმულებს.
ბოლოს კი მეწისქვილე, მოგონებების ლაბირინთში დაკარგული. მის თვალწინ კინოკადრებივით რომ ჩაივლის განვლილი ცხოვრება ბედნიერი და უბედური წუთებით აღსავსე..."მერე კუბო, ტირილი"... თითქოს რაღ უნდა იყოს ამის შემდეგ საოცნებო და სანატრელი... მაგრამ არა... ოთარაანთ ქვრივის მსგავსად, "სიკვდილის მოლოდინი ლხენა ხომ არ გგონია",-მეწისქვილე სოსიას რომ ეუბნება, მოხუცი მეწისქვილეც იმ იმედით ცხოვრობს, რომ "დიდია ღმერთი, იქ კიდევ შევხვდები მათ".
ნოველაში, როგორც აღინიშნა, მთავარი იმედია. ეს იმედი კი სხვადასხვაგვარია. ზოგისთვის შურისძიებით ბედნიერების მომტანი, ზოგისთვის კი უკეთეს, მშვიდ სამყაროში დამკვიდრების საშუალებაა, მაგრამ საერთოა იმით, რომ თითოეულისათვის მასულდგმულებელია.
ნიკო ლორთქინანიძისათვის, როგორც იმპრესიონისტისთვის, დამახასიათებელი ხელწერა ამ ნოველაშიც ადვილად შესამჩნევია. მიუხედავად ლაკონურობისა, ავტორი მაინც ახერხებს საინტერესო მხატვრული ფორმების შექმნასა და გამოყენებას, რითაც აძლიერებს ნაწარმოების დრამატიზმს.
აღსანიშნავია, რიტორიკული შეკითხვებისა და შეძახილების გამოყენება: "როგორ მოვხვდი ამ ადგილას?", "ვაი, დედასა, რა დროს მოვესწარი"... მათი საშუალებით პერსონაჟთა სულიერი მდგომარეობაა ხაზგასმული. გარდა ამისა, გამოყენებულია ეპითეტები: "ძარღვიანი გოგო", "პატარა ბავშვი", მოხუცი მეწისქვილე", შედარებები "ციბრუტივით ტრიალებს", "მძვებივით თევზები", მეტაფორა "ტყის ნაბადი" და რა თქმა უნდა, გაპიროვნება, რითაც ვაჟა ფშაველასაც მოგვაგონებს.
მიუხედავად იმისა, რომ ნოველა სულ ერთგვერდიანია, მასში აღწერილი პრობლემების მასშტაბითა და საკითხების სიღრმისეული წარმოჩენით, ამასთანავე, მხატვრული ფორმით, იგი მნიშვნელოვანი და მაღალმხატვრული ნაწარმოებია.
No comments:
Post a Comment