Wednesday, January 14, 2015

„სოფელ კვახჭირში გავრცელებული შელოცვები“ (მოსწავლის საკონფერენციო ნაშრომი)


"ვისაც შემლოცველის ჩურჩულით წარმოთქმული სიტყვები მოუსმენია, დაგვემოწმება, რომ ეს, უწინარეს ყოვლისა, პოეზიაა; პოეზიაა თავისი შინაგანი რიტმით, ექსპრესიით, კეთილხმოვანებით. შემლოცველს სჯეროდა, რომ მის სიტყვებს ავადმყოფის განკურნება შეეძლო. სიტყვით აქიმობა ძველთაძველი ტრადიციაა, სადღეისოდ მოშლილი და მივიწყებული".
ამირან არაბული

       ამირან არაბულის ამ სიტყვებს ინტერნეტში შემთხვევით გადავაწყდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს თაობას ხალხური შელოცვები უფრო სახალისოდ მიაჩია, ვიდრე სერიოზულად აღიქვამს მას, მაინც გადავწყიტე ჩემს ნაცნობებში (ცხადია, უფროსი თაობის ადამიანებს მივანიჭე უპირატესობა) გამომეკითხა ისინი, ვინც შელოცვები იცის და სჯერა მათი ძალის. მით უმეტეს,  სოფელში არის რამდენიმე განთქმული მლოცველი. 
       დავიწყე რა შელოცვების შეგროვება, აღმოჩნდა, რომ მეტად საინტერესო საქმეს მივყავი ხელი, ამიტომ მეტი სერიოზულობითა და ინტერესით განვაგრძე საქმე. რამდენიმე წინააღმდეგობასაც წავაწყდი. ყველაზე მეტად ვისი იმედიც მქონდა, ცნობილი მლოცველია და ბევრ შელოცვას გამიმხელს -მეთქი, იმათ ან საერთოდ უარით გამომისტუმრეს, ან ერთ-ორი გამიმხილეს მხოლოდ -შელოცვებს თუ გავამხელთ, ძალას დაკარგავს და ”აღარ გაჭრისო”.
       საბოლოოდ თხუთმეტამდე რესპოდენტი ჩავწერე. შელოცვების თემატიკა gანსხვავებულიa, ჭარბობს ნათვალევისა და შიშის ლოცვები. აღმოჩნდა, რომ შელოცვების ნაწილი სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდაცაა გათვალისწინებული. კერძოდ, ნაღრძობის, სატკბურის, სირსვილის, შაკიკის, კისრის ტკივილის და ა.შ.
      შელოცვების ტექსტებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ ერთმანეთში არეულია წარმართული და ქრისტიანული პერიოდი. გვხვდება ისეთი სიტყვები, რომლებსაც კონკრეტული მნიშვნელობა არ გააჩნია, მათ უფრო მაგიური დატვირთვა აქვთ.
    გადავწყვიტე, შელოცვები თემატურად დამეჯგუფებინა, შეძლებისდაგვარად გამეანალიზებინა  და ისე წარმომედგინა.







1.    გათვალულის/ნათვალევის ლოცვა

სახელითა სახელითა, მამითა, სულითა, ამინ.
ალისასა[1], მალისასა, მე გილოცავ თვალისასა,
შინაურისას, გარეულისა, ორგულისა, ავთვალისა, ავსულისას.
ქსელსა ვქსელავდი სამოსლისას-წლითლისას, ყვითლისას, მწვანე აბრეშუმისას,
ჩამოიარა ავგულმა, ავსულმა, ავთვალმა
ქსელი ჩამიწყვიტა სამოსლისა.
დასწყევლოს 365-მა წმინდა გიორგიმ (სახელი) [2]ავი თვალით შემხედავი.
გადაააბიჯოს ღობეზე, მოიშალოს ღონეზე,
მორაგოს ფარცხი, მიეცეს მარცხი,
მოჭრას თოხის ტარი, სახლში დაუხვდეს ოთხი მკვდარი,
(სახელი) ავი თვალით შემხედავსა.
დასწყევლოს 365-მა წმინდა გიორგიმ (სახელი) ავი თვალით შემხედავი.
თვალსა აყრია ასი კოდი ნაცარი, გულსა ასვია ასი კოდი მახათი
(სახელი) ავი თვალით შემხედავსა.
ასალა, მასალა, შავი ჭირი და სანსალა[3]
(სახელი) ავი თვალით შემხედავსა.
(ცაბურა არეშიძე 83 წლის)


* * *
ღმერთო, დასწერე პირჯვარი, არგე ლოცვა ჩემი,
ბრძანებაა, ღვთისმშობლო, შენი.
ალისასა, მალისასა შეგილოცავ თვალისასა,
თვალწითელისა, თვალყვითელისა,
გარეგანისა, შინაურისა, მომსვლელისა, წამსვლელისა
ყველა ნათესავისა, გილოცავ.
შენ გამთვალავს, შენ გამხარბავს,
თვალებში ნაცარი, გვერდებში ლახვარი,
სამი წლის ციებ-ცხელება გამოულეველი.
რაც ადამიანმა ავი თვალით, ავი გულით, ავი სულით შეგხედოს,
ნემსი და მახათი გულში გარჭობოდეს.
გილოცავ ყველა ნათვალევს:
ქვრივი ქალისა, ახალგაზრდა ქმარშვილიანი ქალისა,
ახალგაზრდა ცოლშვილიანი კაცისა,
ყველა ნათვალევს გილოცავ.
ავკარი ფარცხი, შინ დახვდა მარცხი,
ავკარი ფიწალი, გაუწყრა ღვთისძალი,
რაც ადამიანმა შენ ავი თვალით, ავი გულით შემოგხედოს,
სამება და ერთარსება, დასწერე პირჯვარი,
არგე ლოცვა ჩემი, ბრძანება, ღვთისმშობელო შენი.
(გულიკო მემანიშვილი 83 წლის)
* * *
სახელითა ღვთისათა, მამისათა, ძისათა,
ლოცვა ნათვალევისა.
მოვიდა წითელი ქორი, შემოჯდა წითელსა ხესა,
გააკეთა წითელი ბუდე,
დადვა ოთხი კაკალი წითელი კვერცხი,
გამოჩეკა ოთხი მართვე.
განქარდა წითელი ბუდე,
განქარდა წითელი მართვე,
განქარდა წითელი ქორი,
განქარდა ასე  (სახელი)
ავი თვალით შემხედვარე.

(მარინა ცქიფურიშვილი 44 წლის)

***
ალისასა, მალისასა, მე გილოცავ თვალისასა,
შენი გლახათ[4] თვალის შემხედავი და მოხარბე,
 გადავიდა ღობეზე, მეიშალა ღონეზე,
გადავიდა სიპზე, გასკდა ჭიპზე,
შენი გლახათ თვალის შემხედავი და მოხარბე
ქალი იყვეს, კაცი იყვეს, დიდი იყვეს, პატარა იყვეს,
შინაური იყვეს, გარეული იყვეს,
ჯვარი დაგწეროს ჯვარისა, ყოველი ავი თვალისა.
365 წმინდა გიორგი, შენ დასწერე ჯვარი,
გადაავლე თვალი, მიეცი კაი ჭამის მადა,
მიეცი კაი დალევის მადა.
ასე ნახშირივით[5] გაშავდა შენი გლახათ თვალის შემხედავი და მოხარბე,
ეს დანიშნულია შავი ნახშირით, ოქროს ბეჭდით,
ვერ მიეკარება ვერაფერი გლახათ თვალის შემხედავი და მოხარბე.
იანეთის [6] მთაზედაო წყალი ღვინოდ ქცეულაო,
ჩემი ლოცვა და ლაპარაკი სასარგებლოდ ქცეულაო.
(ბაბუცა ტყეშელიაძე 78 წლის)
***
ალისასა, მალისასა, შეგილოცავ თვალისასა,
დიდისა, პატარისა, გამვლელისა, გამომვლელისა,
ქალისას, კაცისას...
გასკდეს შავი ქვა და შავი მეხი დაეცეს
შენი ავი სულისა და გულით შემხედვარს.
(ნორა ყუფარაძე 79 წლის)
***
ალისასა, მალისასა, მე გილოცავ თვალისასა,
შინაურისასა, გარეულისა,`
ვინც ავი სულით და  ავი გულით შემხედავს
მოუსპოს გამჩენმა
მუხლში ძალა, თვალში მზერა, ყურში სმენა.
მოვტეხე ღობის ჩხირი, დაესია ღორის ტილი,
გახტა სიპზე, გასკდა ჭიპზე,
გადავაბიჯე ღობესა, მოწყდა ღონესა,
წეიღოს ჩალა, მეისპოს ჩქარა.
ღმერთო, არგე ლოცვა ჩემი წამლად, ბრძანება შენი (3-ჯერ)
(გულიკო გოგიაშვილი 75 წლის)
***
ალისასა, მალისასა, შეგილოცავ თვალისასა,
ვინც ავის თვალით შემოგხედოს, იმან
გადააბიჯოს ღობეზე, მოიშალოს ღონეზე,
გააღოს ჭიშკარი, დაეხვიოს ჭირ-ყვავი[7],
შენს ავი თვალით, ავის სულით,
ავის გულით შემოგხედავს.
(ცაცა მამრიკიშვილი 76 წლის)
 ***
ალისასა, მალისასა, მე გილოცავ თვალისასა,
შინაურისასა, გარეულისა,`
წამსვლელისა, მომსვლელისა...
გასკდა შავი ქვა, გამოვიდა შავი კაცი,
ის წავიდა შავსა გზასა, გზაში დახვდა შავი წყალი.
ასალა, მასალა შავი ჭირი და სანსალა,
 ვინც შეხედოს (სახელი)
ავი თვალითა და გულით.
გადააბიჯა ღობეზე, ის მოიშალა ღონეზე,
თვალში -ღადარი, გულში -მახათი
(სახელი) ავი თვალით და გულით შემხედავს.
ღმერთო, არგე ლოცვა ჩემი (სახელი) წამლად.

( თამარ ჭიჭინაძე 55 წლის)

         როგორც ვხედავთ, ტექსტები ძირითადად ერთნაირია, მათში გამოთქმულია სურვილი სასტიკად  დაისაჯოს ავი თვალის მქონე. ამასთანავე, შელოცვის ტექსტის ადრესატი ან უფალია, ან წმინდა გიორგი, ან ღვთისმშობელი.
        შელოცვებში დომინირებს წითელი და შავი ფერების ხსენება, რომლებსაც გარკვეული სიმბოლური დატვირთვა აქვს. ეს ფერებიც, გარკვეულწილად, ბოროტ ძალასთან და მაგიასთან არის დაკავშირებული.


2.    მოფუჩხულის/ ამონაყოლის/ უჟმურის [8]ლოცვა

მონახდომო დედიანო, მამიანო, დიანო, ძმიანო,
ნათესავიანო, მტერმოყვარიანო.
შენი დედა ტირის, შენი მამა ტირის, სად არის ჩვენი შვილიო?
-იქაა თქვენი შვილი, იქაა ქორწილი,
იქაა სმა, იქაა ჭამა.
 წითელი გოჭი დაუკლავთ,
თავი და ფეხები თქვენთვის შეუნახავთ.
ადრე მიხვლთ, ქე დაგხვდებათ,
გვიან მიხვალთ, შეგიჭამენ,
ამასთან არ დაგაყენებთ
არც თავის სატკენად, არც მუხლის სატკენად,არც მარცხის მისაცემად.
რას შეგიწუხებიათ, ერთი ღარიბი კაცია,
რას აგიძიგძიგებიათ?
ქვეშ არ უგია, ზედ არ ახურია.
მე წაგიძღვებით თქვენს დედასთან, თქვენს მამასთან,
მარილზე და გოჭზე იქეიფეთ.
 (სახელი)-ის გაეყარეთ, სხვას შეეყარეთ.
ძვალში ხარ? კანში გამოდი,
კანში ხარ? კარში გამოდი.[9]
(გულიკო მემანიშვილი 83 წლის)


***
მოხდომილო დედიანო, მოხდომილო მამიანო,
ორშაბათს იყო შეხვედრილი, სამშაბათს იყო შეხვედრილი,
ოთხშაბათს იყო შეხვედრილი, ხუთშაბათს იყო შეხვედრილი,
პარასკევს იყო შეხვედრილი, შაბათს იყო შეხვედრილი,
კვირა აღდგომაა, დიდი ცხვარი დოუკლავთ,
ადრე მიხვალთ,  დაგიხვდებათ, გვიან მიხვალთ - წაგიხდებათ.
ჰაერიდან იყო შეხვედრილი, წყლით იყო შეხვერილი, მიწით იყო შეხვედრიოლი,
მოფურჩხული იყვე, უჟმური იყვე,,
ხელი გამოიარეთ, ძვალი გამოიარეთ,
სხვასთან მიბრძანდით, (სახელი ) მშვიდობით და კარგად დატოვეთ.
იანეთის მთაზედაო წყალი ღვინოდ ქცეულაო,
ჩემი ლოცვა და ლაპარაკი სასარგებლოდ ქცეულაო.
(ბაბუცა ტყეშელიაძე 78 წლის)


***
სახელი სახელითა ხვთითა, მამითა, ძირითა,
მოფურჩხულო დედიანო, მოფურჩხულო მამიანო,
შენი დედა ტირის, შენი მამა ტირის,
ხარი დოუკლავთ, სადილი აქვთ,
ადრე მიხვალთ, კი დაგიხვდებათ,
თუ არ მიხვალთ, არ დაგხვდებათ.
ძვალში იყო, რბილში გამოდი,
რბილში იყო, კანში გამოდი,
კანში იყო, კარში გამოდი.[10]
ღმერთო, არგე ლოცვა ჩემი წამლად, ბრძანება შენი (3-ჯერ)
(გულიკო გოგიაშვილი 75 წლის)

***
მოხდომილო დედიანო, მოხდომილო მამიანო,
გამოდით, გამოეყარეთ, ამ (სახელი) გამოეყარეთ,
სხვა (სახელი) შეეყარეთ.
ამ ეზოში ძაღლია, ამ ეზოში კაცია,
აქ თქვენ არ დაგედგომებათ.
თქვენი დედა ტირის, თქვენი მამა ტირის,
სადაა ჩვენი შვილიო.
შავგულა დაუკლავთ, თავ-ფეხი თქვენთვის შეუნახავთ.
ადრე მიხვლთ, ქე დაგხვდებათ,
გვიან მიხვალთ, ქე შეჭამენ.
გამობრძანდით, თქვენი სახელის ჭირიმე, თქვენი მუხლების ჭირიმე.
ლამარა ალფაიძე
***
სახელითა წმიდისა მამისა, სულისა წმინდისა.
სამი ძმები ჩვენც ვიყავით ალეხ, მალეხ და ჩიხმალე,
წავედი შავსა მთასა შავი ნადირის მოსაკლავად.
გადმოცვენილიყვნენ ალები, მალები, უჟმურები, მავნეები.
წინ შემოხვდათ მიქელგაბრიელი, მთავარანგელოზი.
-სად მიდიხარ, შე უჟმურო, შე მაცდურო?
-მივდივარ (სახელი) ტანშიო
სისხლის სასმელად, ხორცის საჭმელად, საძიძგძიგებლად
არა მამითა და  სულითა წმიდითა
არ გაგიშვა (სახელი) ტანში
არცა საძიგძიგებლადა, არცა სისხლის სასმელადა.
გამოდით, გამოეცალეთ, ბრძანება არის ღვთისაო.
(თამარ ჭიჭინაძე 55 წლის)

3.     სირსვილის ლოცვა
სირსვილი[11] ხნავდა ყანასა,
ნაფუძვარზედა ჭალასა.
მგელი გაება ხარადა,
გველი კი- აპოურადა[12].
გახტა მგელი, გაწყდა გველი,
სირსვილს ამოუწყდა ძირი და ფესვი.
( ცაცა მამარიკიშვილი 76 წლის)

4.    შაკიკის ლოცვა

სახელი სახელითა ხვთითა, მამითა, ძირითა[13],
შაკიკი შამოეჩვია სათიბისა ბოლოსაო,
ისე ხნავდა ქვიშასაო, როგორც ხარი თივასაო,
გაუწყრა წმინდა გიორგი,
გაიპარა დილსაო.
ღმერთო, არგე ლოცვა ჩემი წამლად, ბრძანება შენი (3-ჯერ)
(გულიკო გოგიაშვილი 75 წლის)

***
შაკიკი შემოჩვეულა სათიბისა ბოლოსაო,
ის ჭამდა რკინასაო, როგორც ხარი თივასაო,
გაუწყრა წმინდა გიორგი, გაპარულა დილასოა.
ლამარა ალფაიძე

***
კეკელა შემოჩვეულა, ჩვენი ბაკის ბოლოსაო,
ისრე ხრავდა ძვალსაო, როგორც ხარი თივასო.
ჭმინდა გიორგიმ დასწყიოს, გაიპარა დილასო.
(მარინა ცქიფურიშვილი 44 წლის)


5.    ნაღრძობის ლოცვა
უცხო მინდორზე უცხო ხე იყო,
შემოჯდა უცხო ფრინველი.
შევედი უხელოდ,
ჩამოვიყვანე უფეხოდ,
შევწვი უცეცხლოდ,
შევჭამე უპიროდ.
გორდებოდა, გორდებოდა
ნაღრძობს ეშველებოდა.

6.    სატკბურის ლოცვა
ქრისტემ დაკლა თეთრი ფური,
მან იწვია ყოვლი სული,
სატკბურმა[14] უთხრა:
-რათ არ მიწვიე?
-მით არ გიწვიე,
შეხვალ აალგაზრდას ტანში,
ძვალის საკოკბულად, რბილის საცვარავად.
-არა ძე, სულიწმინდა, მამა,
არ შევიდე ახალგაზრდას ტანში.
არც ძვალი ვკოკბო, არც რბილი ვცვარო,
ავდუღებდი ქოთანივით,
ჩამოვცვივდები ქონდარივით.

7.    კისრის ტკივილის ლოცვა
ზეცას ევედი უფეხოთ, ტრედი დევიჭირე უხელოთ,
დავკალი უდანოთ, გადავყაპე უხორხოთ,
სამო სახტარო ცისანო, სამო ფრინვანო წყლისანო,
ყვავო, ყორანო, ყანჩავო,
ღმერთზე რა შენი მადლია, საბრალო კაცის დახრჩვაო?
უსვამ ცერსა, დუუსმავ ნეკსა, ილოცავ და მუუსწრობდა ყელსა.
(მარინა ცქიფურიშვილი 44 წლის)

8.    წყლისას[15] ლოცვა
ალი იყო, მალი იყო,
წყალთაშუა ნავი იყო.
ნავში ქალი იჯდა.
ადე, ქალო, მომიტანე კალამი
და კალმის ძირი.
ავალ ზეცას, ვკითხავ დედას,
მომცემს ჩანგალს, ჩავკრავ წყლისას,
გავაპარებ დილას.
(ნორა ყუფარაძე 79 წლის)

***
ალი იყო, ბანი იყო,
წყალთაშუა ნავი იყო.
ნავში კიდე ქალი იჯდა.
ადე, ქალო, მომიტანე კალამი
და კალმის ძირი.
ავალ ზეცას, ვეტყვი დედას,
ის ჩამოვა ტყის ქათმისა ნიკარტითა,
ბუძგვითა[16] და საბარცხლითა.[17]
დავკრავ ისარს, გავაპობ წყლისას.[18]
ლამარა ალფაიძე

9. ორსულის ლოცვა
*  *  *
სახელითა ღვთისათა, მამისა ძისათა,
სულისა წმიდისათა.
ამი იძრა, ბანი იძრა, განი იძრა, დონი იძრა.
ციხე იძრა, ქალაქი იძრა.
ყოველი ნაყოფიერი იძრა,
მიწა იძრა, უძრავი იძრა, ნაძრავი დადგა.
ონოფრემ ცხენი გააჭენა,
მობრუნდა და გაჩერდა.
ონოფრე ხიდზე მიდიოდა,
მობრუნდა და გაჩერდა.
ონოფრე გზაზე მიდიოდა,
მობრუნდა და გაჩერდა.
ონოფრე საყდარში შევიდა,
მობრუნდა და გაჩერდა.
სამჯერ წისქვილის ბორბალი მობრუნდა და გაჩერდა.
სამჯერ მეხრემ წნელი მოიქნია, მობრუნდა და გაჩერდა.
ცხენის მუცელშიკვიცი იძრა და დადგა,
ძროხის მუცელში ხბო იძრა და დადგა,
თხის მუცელში თიკანი იძრა და დადგა,
ცხვრის მუცელში კრავი იძრა და დადგა,
ქალის მუცელში ბავშვი იძრა და დადგა.
ისემც დამდგარხარ, როგორც ოქროს ლანგარზე ცხვარი დადგა.
(გულიკო მემანიშვილი 83 წლის)

*  *  *
დედა ღვთისა ღვთისმშობელო,
ზეციერო ღვთისა მხსნელო,
მშვიდობით დააცილე
დედა და შვილი ერთმანეთს.
ლამარა ალფაიძე


10. დამწვრის ლოცვა
ელი ელავდა, მელი მელავდა, ზღვა ფოფინობდა.
წითელ ხუცესს წითელი ხარები გაება.
ვის გაგონილა ზღვა ახნული, ქვიშა თესული.
დამწვარი სამი დღის იქნა განელებული.
ფუი[19] ასე გაქრეს ამის დამწვარი.  

11. გარეთ დარჩენილი შინაური ცხოველისთვის ლოცვა
ეკენია, ბეკენია,
ბერსა ხატი სვენებია.
მეუფეო, ჩამოაგდე ხელბორკილი რკინისა,
ნადირს კბილი შეუკარი,
მეკობრესა -ხელ-ფეხი.
ნუ გაუშვებ გზაში,
გადააგდე ზღვაში.
( ნორა ყუფარაძე 79 წლის )
   
    როგორც დავრწმუნდი, შელოცვების დღემდე ძალიან ბევრ ადამიანს ჯერა. ისინი ზედმიწევნით ზუსტად ასრულებენ იმ მითითებებს, რომლებსაც შელოცვის დროს იღებენ. ხშირად უფრო მეტ მნიშვნელობასაც ანიჭებენ, ვიდრე  ექიმის რეკომენდაციას (მაგ,  ნაღრძობის ან დამწვრობის დროს).
   სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ხალხური შელოცვები კიდევ დიდხანს იარსებებს და მათი შეგროვება-შენარჩუნება მნიშვნელოვანია












გამოყენებული ლიტერატურა
1.      უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი www.nplg.gov.ge

2.      ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ერთტომეული , ნაკვეთი II, თბ. 1990 წ.

3.      Ka.wikipedia.org







[1]შესაძლოა, შელოცვაში ნახსენები ალი უკავშირდებოდეს ბოროტ სულს - ალი ქართულ მითოლოგიაში ბოროტი სულები,რომლებიც ვნებენ მშობიარეებს, ახალშობილებს, მარტოხელა მგზავრებს და სხვებს. ალები შეიძლება როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის ყოფილიყვნენ. მათ საშინელი შესახედაობა ჰქონდათ (სპილენძის კბილები, შუშის კვალი, დასვრილი თმა). გადმოცემის თანახმად, ალები ცხოვრობენ ტყეში, კლდეებში, ნანგრევებში, შედიან თავლებში, ზოგჯერ მსხვერპლს, რომელსაც ახლო ნათესავის სახით ეცხადებიან, წყალში იტყუებენ. ქალ ალებს (ალქალებს) იგივე ფუნქციები აქვთ, თუმცა ნაკლები ფიზიკური ძალა გააჩნიათ. ზოგჯერ მათ ქალღმერთ დალის ფუნქციები მიეწერებათ და მის მსგავსად, მშვენიერი ოქროსთმიანი ქალის სახით ეცხადებიან თეთრ კაბაში. ალი ერთგული მსახური ხდება ადამიანის, რომელიც მას თმას და ბრჭყალებს დააჭრის. ალის ბოროტ ძალას წინ აღუდგება მის წინააღმდეგ შელოცვა ან წმინდა გიორგის სახელი. Ka.wikipedia.org-(მითოლოგია)
[2] მაგალითად, ელენეს
[3] სავარაუდოდ, აქ უნდა იგულისხმებოდეს  სამსალა-შხამი.
[4] შელოცვების ჩაწერისას გადავწყვიტე შემენარჩუნებინა მთქმელის სტილი მაშინაც, როცა სალიტერატურო ენის ნორმები დარღვეულია.
[5] შელოცვისას აუცილებელი ატრიბუტებია ნახშირი და შავტარიანი დანა, რომლითაც აცლიან ნახშირც მხირე ნაწილს და ჯვრის ფორმით წაუსვამენ გათვალულს
[6] იანეთი- ა) სოფელი ოზურგეთის რაიონში; ბ) სოფელი სამტრედიის რაიონში. Ka.wikipedia.org

[7] ვფიქრობთ, აქ უნდა იყოს ჭილ-ყვავი
[8] ერთგვარი სენი-გაცივებისაგან ტანში მტვრევა; ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ერთტომეული , ნაკვეთი II, თბ. 1990 წ. გვ. 939
[9] შელოცვის რიტული სრულდება მარილით, საცრითა და ქაღალდით. ასევე კაკალს (ან სინინდს, ლობიოს, სოიას) აბნევენ ოთახებსა და გზაჯვარედინში.
[10] ლოცვისათვის საჭიროა შეგროვდეს 9 ჯიშის მარცვლეული ან ფოთოლი. დავსხათ ცოტა წყალი ან ღვინო.
[11] სირსველი (სირსვილი) - კანის ავადმყოფობა ერთგვარი; იცის კანზე წვრილი გამონაყარი, რომელიც ზოგჯერ იქერცლება.უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი www.nplg.gov.ge
[12] აპეური-ტაბიკების გადასაბმელი თოკი  უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი www.nplg.gov.ge
[13] შესაძლოა, უნდა იყოს ძითა
[14] სატკბური-გართხმული მუწუკი. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი www.nplg.gov.ge
[15] იგივე მაწავართი -მეძუძურის ძუძუს დაავადება-სარძევე ჯირკვლის ანთება. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ერთტომეული , ნაკვეთი II, თბ. 1990 წ. გვ. 625

[16] ბუძგი-(ოთხფ.) პატარა ძღარბი  უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი www.nplg.gov.ge
[17] ბუძგვი და საბარცხალი ბუძგისა და სავარცხლის დიალექტური ფორმებია.
[18] ლოცვის დროს შავტარიან დანას უსვამენ ჯიქანზე ჯვრის ფორმით.
[19] ლოცვის ბოლოს დამწვარ ადგილს სულს შეუბერავენ და დაადებენ მალამოს-ნიგვზის ზეთი, სანთელი, თხისა და ღორის ქონი ერთმანეთში არეული და გადმოდუღებული.




სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლი მე-10 კლასის მოსწავლე მაგდა ჩხიკვაძე

ხელმძღვანელი : თამარ აფრიდონიძე

No comments:

Post a Comment

წიგნის კლუბის მეორე შეხვედრა

 2023 წლის 20 ოქტომბერს წიგნის კლუბში "ვკითხულობთ ქართულს" მეორე შეხვედრა გაიმართა.  თემა - ნ. დუმბაძის "ძაღლის" განხილვ...