ტოპონიმების შესწავლას
საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. საამისოდ არსებობს ენათმეცნიერების დარგი ტოპონიმიკა[2]-(ბერძნ.
topos - ადგილი და onyma - სახელი) — ონომასტიკის შემადგენელი ნაწილი, რომელიც შეისწავლის
ტოპონიმებს ანუ გეოგრაფიულ სახელწოდებებს, მათ მნიშვნელობას, აგებულებას და წარმომავლობას,
განსაზრვრავს მათი გავრცელების არეს (ზოგჯერ ასაკსაც). ტოპონიმთა ერთობლიობას ტ ო პ
ო ნ ო მ ი ა[3]
ეწოდება.
ჩემი მიზანია
პირველ ეტაპზე შევაგროვო და აღვნუსხო კვახჭირის თემში შემავალ სოფლებში არსებული ტოპონიმები(
კვახჭირის თემში შედის სოფლები კვახჭირი, ოდილაური და სარბევი). მართალია, სოფლები
დიდი არ არის და არც ტოპონიმთა განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩევა, თუმცა, მათი კვლევა
მაინც საინტერესო და მნიშვნელოვანია. ამასთანავე, მოვიძიე ინფორმაცია ამა თუ იმ ტოპონიმის
ეტიმოლოგიაზე. ძირითადი წყარო ამ შემთხვევაში სოფლის მკვიდრთა მონათხრობია. როგორც
აღმოჩნდა სოფლებში ზოგიერთი ტოპონიმის წარმოქმნა კონკრეტულ ფაქტს, შემთხვევას უკავშირდება,
ზოგი ტოპონიმის შესახებ კი მხოლოდ ვარაუდის გამოთქმაა შესაძლებელი.
საინტერესოა თავად
ტოპონიმი კვახჭირი . არსებობს რამდენიმე
ვერსია, თუ რა პრინციპით დაერქვა სოფელს ეს სახელი. ერთ-ერთი ვერსიით, სოფელს თავდაპირველად
ჰქვიოდა კვლახშირი. თურმე ეს ადგილი ხშირი
ტყით ყოფილა დაფარული. როცა გავრცელებულა დაავადება ტიფი, მისით დაავადებული ადამიანები
სწორედ აქ მოჰყავდათ და ტოვებდნენ.
მეორე ვერსიის
თანახმად, აქ ყოფილა ტყიანი ადგილი, სადაც ხშირად დადიოდნენ სანადიროდ და ბევრ ნადირს
ხოცავდნენ.
არსებობს ლეგენდა,
რომ თამარ მეფეს, როცა აქ გაუვლია, უთქვამს, რა ქვახშირია ამ აგილასო.
კიდევ ერთი ვერსიის
თანახმად, აქ ხარობდა უამრავი გოგრა, რომელსაც იმერლები კვახს ეძახიან. კვახს გასჩენია
ჭირი და ამიტომაც ადგილს კვახჭირი დაერქვაო.
ძნელია დაზუსტებით
ითქვას, რომელი ვერსიაა უტყუარი, თუმცა ქალაქ ქუთაისის მხარეთმცოდენეობის მუზეუმში
დაცული საბუთის მიხედვით, პირველი ვერსიაა მართებული.
რაც შეეხება ტოპონიმებს
ოდილაური და სარბევი.
მათ შესახებ კონკრეტული ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ. ორივე სახელი ნაწარმოებია, პირველი
წარმომავლობის მაწარმოებელი აფიქსით -ურ, ხოლო მეორე - დანიშნულების მაწარმოებელი თავსართ-ბოლოსართით
- სა-ე.
ქართული მითოლოგიის
მიხედვით, ოდი მიწის ღმერთია[4]. რამდენად
უკავშირდება მას სოფლის სახელწოდება, ძნელი სათქმელია.
ტოპონიმში სარბევი სიტყვის ძირია -რბევ. წარმოების თავსაზრისით,
ტოპონიმი აღნიშნავს ადგილს, რომელსაც ხშირად არბევდნენ.
სოფლის ტერიტორიაზე
მიედინება მდინარე წყალწითელა. მისი სახელწოდების
წარმოშობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია არსებობს.
ისტორიული წყაროებიდან
ცნობილია, რომ VIII საუკუნეში საქართველოს შემოესია სისასტიკით ცნობილი
არაბი დამპყრობელი მურვან-ყრუ, რომელმაც აწამა არგვეთის ერისთავები-ძმები დავით და
კონსტანტინე მხეიძეები და მდინარეში გადაყარა. მდინარე ძმების სისხლით გაწითლდა და
სწორედ აქედან დაერქვა სახელი.
მეორე ვერსიით
, პატარა გოგონას მდინარის ტალღამ კალათა წაართვა.
ატირებულ გოგონას ტირიფები და ყვავილები გამოესარჩლნენ. ტირიფმა თავისი ტოტებით მდინარიდან
კალათა ამოიღო და გოგონას დაუბრუნა, ხოლო მდინარეს შერცხვა და გაწითლდა.
რეალურად კი მდინარეს წითელ ფერს აძლევს ნიადაგის შეფერილობა. წვიმის დროს მდინარე ჩამორეცხავს წითელ ქანებს და სწორედ ამაზეა დამოკიდებული წყლის შეფერილობაც.
რეალურად კი მდინარეს წითელ ფერს აძლევს ნიადაგის შეფერილობა. წვიმის დროს მდინარე ჩამორეცხავს წითელ ქანებს და სწორედ ამაზეა დამოკიდებული წყლის შეფერილობაც.
კვახჭირის თემში
შემავალ სოფლებში სხვადასხვა ადგილი, უბანი საგანგებო სახელით მოიხსენიება. ამ თვალსაზრისით,
ყველაზე მარტივი (და საზოგადოდ გავრცელებული) პრინციპია გვარების მიხედვით სახელწოდებების
დარქმევა. სოფლებში, ძირითადად, ერთი და იმავე გვარის ოჯახები უბნებად ცხოვრობენ. შესაბამისად
გვაქვს, „რევიშვილები“, „გაბუნიები“, „ირემაძეები“,
„ყუფარაძეები“ და ა.შ. ტოპომინთა სახელდების პრინციპი ამ შემთხვევაში ნათელია.
სოფლების ტერიტორიის
ნაწილი გამოყენებულია სახნავ-სათესად და საძოვრებად. ადგილები, რომლებზეც მოსახლეობა
ძირითადად სიმინდს თესავს, შემდეგი სახელებით მოიხსენიება : ზვარე, ნოყო, მწარე, საბალახო, ჩხოკო...
აღსანიშნავია,
რომ ჩვენს სოფლებში გავრცელებული ზოგიერთი ტოპონიმი საქართველოს სხვადასხვა კუთხესა და სოფელში დასტურდება. ასეთებია,
ზვარე-სოფელი
ხარაგაულის რაიონში ( იმერეთი)
სოფელი ქედის რაიონში (აჭარა)[5].
საფიქრებელია, რომ ტოპონიმი „ზვარე“ მიღებული იყოს მომდინარეობდეს სიტყვისაგან
„მზვარე/ მზუარე“[6]
. ეს სიტყვა „ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში“ განმარტებულია, როგორც „ მზიანი
ფერდობი". ამავე მნიშვნელობით გვხვდება ეს სიტყვა გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის
ცხოვრებაში“. გრიგოლ ხანძთელი აფხაზეთის მეფესთან ხანძთის დახასიათებისას ამბობს ”... არამედ განწესებით დგას თვისსა საზღვარსა უნოტიო,
უხორშაკო, უმიწო, მზვარე”[7]
აღნიშნულ
ტოპონიმთან დაკავშირებით სოფლის ზოგიერთი მაცხოვრებელი სხვა ვერსიას გვთავაზობს. მიაჩნიათ,
რომ „ზვარე“ „ზვარისაგან“ უნდა მომდინარეობდეს.
როგორც ამბობენ,ამ ადგილას ადრე ზვრები ყოფილა გააშენებული.
ერთ- ერთი ტოპონიმია „ნოყო“ .
„ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ თანახმად, „ნოყო[8] -(კუთხ)-პატარა,
მდორე მდინარე// გუბე, ტბორი“. ეს სიტყვა გვხვდება ტ. ტაბიძის ლექსში „ ორპირის სეზონი“[9]:
„ჩამორჩენილან ბაყაყები მღვრიე ბუშტებში,
იმათაც სცივათ ამონგრეულ ნოყო ბუდეში.
მოაქვს ნოემბერს გაცივება, სურდო, ანთება
და დილიჟანსით აქ სეზონი ჩამობრძანდება“.
ამავე
მნიშვნელობით გვხვდება ეს სიტყვა გურულ დიალექტშიც. მას იყენებს ე. ნინოშვილიც მოთხრობაში
„პალიასტომის ტბა“. მოთხრობაში ვკითხულობთ: „ფოთს წასაღებად, დამზადებულ ხეების ბედ-იღბალი
ტაროსზეა დამოკიდებული, თუ წყალდიდობა არ შეხვდა, ისე ის ნოყოები, რომელთა პირებზეც ხეებს ამზადებენ, წყლის სიცოტავის გამო ტივს
ვერ აიღებს.”[10]
ჩვენს
სინამდვილეში ადგილი, რომელსაც ნოყო ჰქვია, სადაც მდინარის ადიდების შედეგად, ილექება
შლამი. ადგილი გამორჩეულია კარგი მოსავლიანობით. სავარაუდოდ, ამავე სიტყვისგანაა ნაწარმოები
ფორმა ნოყიერი.
სოფელში გვხვდება
ტოპონიმი გელათლები. როგორც ამბობენ, ამ
ადგილას სახნავ-სათესი მიწა ჰქონიათ სოფელ გელათის მკვიდრთ.
ანალოგიური პრინციპითაა
წარმოქმნილი ტოპონიმები კაჭანოი(მიღებულია
კაჭანოვისაგან) და საკვიტაშვილო. ცხადია, იმ ადგილებში, რომლებიც ახლა ამ სახელებს
ატარებენ, ძველად ცხოვრობდნენ კაჭანოვები და კვიტაშვილები.
მოსავლიანობის
თვალსაზრითი, სოფლების ადგილი დიდად ნაყოფიერი
არ არის, ამიტომ სახელები მწარე, ჩხოკო
ამაზე უნდა მითითებდეს.
როგორც
ზემოთ აღვნიშნეთ, ტოპონიმთა ნაწილი საძოვრების სახელებია.
ტოპონიმი საბალახო
ამ ფუნქციაზე უშუალოდ მიუთითებს ( სა-ბალახ-ო).
საყურადღბოა
ტოპონიმი კოხი. „ქართული ენის განმარტებით
ლექსიკონში“ ვკითხულობთ: კოხი[11]-1.
საკევრე ქვა, მუქი ყომრალი მიწა,მაგარი, ცეცხლგამძლე(კევრის ძირის მოსაჭედად ხმარობდნენ);
2. (კუთხ.) მსხვილი სეტყვა. ადგილი, რომელიც
ამ სახელით მოიხსენება მართლაც ძნელად დასამუშავებელი და ქვიანია. ამიტომ პირველი ვერსია
უფრო სარწმუნო უნდა იყოს. (ამავე სახელწოდების სოფელი არის ქობულეთის რაიონშიც).
სოფელ კვახჭირში
არის ადგილი სახელწოდებით მსხლები. საბჭოთა
კავშირის დროს სოფლის ტერიტორიის ნაწილზე ინტენსიურად
გაუშენებიათ მსხლის ხეები. მოსახლეობა მოსავალს საკონსერვო ქარხნებს აბარებდა. ამ ადგილს არამარტო სახელი აქვს
შემორჩენილი, არამედ მსხლის ხეებიც, რომლებიც მოსახლეობას არ გაუჩეხავს.
ამავე პრინციპით
სოფელ ოდილაურში გაუშენებიათ ტყემლის ხეები. ადგილს მოსახლეობა დღეს ტყემლებს უწოდებს.
სოფელ ოდილაურში
გვხვდება ტოპონიმი ტურების ხვრელი. ადგილი
სოფლის განაპირას, ტყის პირასაა. როგორც ამბობენ, აქ ბევრი ტურა ბინადრობდა. მათ სოროები
ჰქონიათ გაკეთებული და მოსახლეობასაც ხშირად ტაცებდნენ ქათმებს. უნდა ითქვას, რომ აქ
ეს ცხოველები დღესაც საკმაოდ ბევრია.
სოფელ კვახჭირში
არის ადგილი, რომელსაც მოსახლეობა ტყლაპს ეძახის. ადგილი დაჭაობებულია. იმერეთში ლაფიან
ადგილს ტყლაპოს უწოდებენ. დროთა განმავლობაში
-ო ხმოვანი დაკარგულა (ან -ი ხმოვნით ჩანაცვლებულა) და მივიღეთ ფორმა ტყლაპი.
ამავე სოფელში
გვაქვს ტოპონიმები გორა/დარსაძის გორა და ქოშიგორა.
ადგილს დარსაძის გორა დარქმევია იმის გამო, რომ აქ
ცხოვრობდა თურმე ვიღაც დარსაძე. დღეს სოფელში დარსაძეები აღარ ცხოვრობენ. ადგილს დარსძის გორას უფროსი თაობის წარმომადგენლები
უწოდებენ, სხვები კი უბრალოდ -გორას.
რაც შეეხება ტოპონიმს
ქოშიგორა. ამბობენ, რომ მოსახლეობას ამ ადგილას მისვლამდე უწევდა ტალახიანი გზის გავლა. აქ მისულები
ფეხსაცმელებს (ქოშებს) იწმენდნენ და თანდათან დაგროვილი ტალახით ადგილი ამაღლებულა,
გორად ქცეულა.
სარბევის ტერიტორიაზე
არის ადგილი წინაველი (რამდენიმე წელია
ამავე სახელწოდების რესტორიანიც ფუნქციონირებს). როგორც ამბობენ, ამ ადგილებში ცხოვრობდა
ვინმე სიგუნავა, მედუქნე. მისი დუქნის წინ გაშლილი ყოფილა ვრეცელი მინდორი, ველი. ამიტომ
დარქმევია ადგილს ეს სახელი.
მდინარე წყალწითელის
ნაპირას არის ადგილი ციხია. იგი საღორიის
ტყის მეზობლადაა. აქ ძველად ტუსაღები მოჰყავდათ, რადგან იქ ციხე ყოფილა. შესაბამისად,
იქნებოდა ფორმა ციხეა. დროთა განმავლობაში შეიცვალა ფორმა და გახდა
ციხია.
მდინარე წყალწითელის
პირას არის ადგილი სახელად ნახიდვარი. ტოპონიმი ნაწარმოებია წინა ვითარების მაწარმოებელი
თავსართ-ბოლოსართის დართვითა და ვ ბგერის
ჩართვით ნა -ხიდ-ვ-არ-ი. ძველად ამ ადგილზე
ხიდი ყოფილა, ხოლო მოგვიანებით, როცა გარკვეულწილად მდინარის კალაპოტი შეიცვალა და
ახალი ხიდის ააგეს, ძვლელ ადგილს მხოლოს სახელი შემორჩა იმის დასტურად, როპმ იქ ადრე
ხიდი ყოფილა.
სოფელ ოდილაურში
ჩამოედინება მდინარე უცნაური სახელით ვირიფსელა.
ამავე სახელს ატარებს მისი შემოგარანიც, სადაც საძოვრებია გაშლილი. გადმოცემით,
დიდი ხნის წინ აქ ყოფილა სერი, სადაც ბევრ ვირი იკრიბებოდა, იქვე ყოფილა პატარა უსახელო
მდინარეც. მათთვის ვირისსერა დაურქმევიათ. გარკვეული დროის შემდეგ სიტყვაში მომხდარა
დისიმილაცია რ შეიცვალა ლ თანხმოვნით -ვირისსელა, ხოლო შემდეგ ს თანხმოვანი
ფ თანხმოვნით შეცვლილა (რაც კონკრეტული
ფონეტიკური მოვლენით ვერ აიხსნება).
ამდენად, კვახჭირის
თემში შემავალ სოფლებში გავრცელებული ტოპონიმები სხვადასხვაგვარია წარმომავლობისა და
წარმოების მთვალსაზრისით. თუ ერთ შემთხვევაში შესაძლებელია სიტყვის ეტიმოლოგიის დადგენა,
სხვა შემთხვევაში მხოლოდ ლეგენდას ან თქმულებას უნდა დავეყრდნოთ. თუმცა საერთო თვალსაზრისით
ისინი საინტერესო და მრავალფეროვანია.
გამოყენებული ლიტერატურა
1.
გიორგი მერჩულე „გრიგოლ
ხანძთელიც ცხოვრება“-”ძველი ქართული ლიტერატურული ძეგლები” გამომც. ”საბჭოთა საქართველო” თბ. 1978წ.
2.
ე.ნინოშვილი ”ქართული პროზა” გამომც. ”საბჭოთა საქართველო
”თბ. 1988
3.
ტ.ტაბიძე ”ლექსები, პოემები, პროზა, წერილები” გამომც. ”მერანი” თბ. 1985წ.
4.
სამაგიდო ენციკლოპედია ”ყველაფერი ყველაფერზე” გამომც.
”პალიტრა L”თბ. 2009
5.
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ერთტომეული, ნაკვეთი I-II, თბ.,
1990წ.
6.
ლექსიკონი ქართული ( nplg.gov.ge)
[4] სამაგიდო ენციკლოპედია
”ყველაფერი ყველაფერზე”/ქართული მითოლოგია გამომც. ”პალიტრაL” თბ.2009წ. გვ. 84
[7] გიორგი მერჩულე
”გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება” ”ძველი ქართული ლიტერატურული ძეგლები” გამომც. ”საბჭოთა
საქართველო” თბ. 1978წ. გვ.151
სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე დარეჯან ყუფარაძე
ხელმძღვანელი: თამარ აფრიდონიძე
No comments:
Post a Comment